ადვოკატთა ასოციაციასა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შორის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

24 აგვისტო 2018

      23-24 აგვისტოს, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესა და კომიტეტის წევრებთან სამუშაო შეხვედრას მართავენ. შეხვედრის ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარისა და წარმომადგენელთა მიერ ინიცირებულ იქნა ახალი წინადადებები, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადვოკატის პროფესიის შემდგომი გაძლიერებისა და მართლმსაჯულების ხარისხიანად ადმინისტრირების პროცესში.

 

განხილულ თემებს შორის არის ხარისხიანი იურიდიული სერვისების მიწოედებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

 

* სამოქალაქო სამართალწარმოების პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ექსკლუზიურობა;

* უკანონო საადვოკატო საქმიანობისა და სახელწოდება “ადვოკატის” გამოყენება იმ პირის მიერ, რომელთაც არ გააჩნია ადვოკატის სტატუსი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აღიარება;

* სასამართლო (ადვოკატის) ხარჯების განაწილების სამართლიანი პრინციპის განსაზღვრა და ადვოკატის ჰონორარის 4%-იანი ზღვარის გაუქმება;

* ნოტარიუსებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევის შეზღუდავა, რაც არ უკავშირდება კონკრეტული სანოტარო მოქმედების შესრულებას;

* ადვოკატის სტაჟიორისათვის კონკრეტული საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის უფლებამოსილების მინიჭება მენტორი ადვოკატის დავალებით;

* საპროცესო შეთანხმებების დროს საზოგადოებრივი ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობის პრობლემატიკა არა სოციალურად დაუცველ ბრალდებულებზე.

 

საკითხთა განხილვის დროს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ “მოქალაქეთა მიერ კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციისა და სასამართლოსა თუ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში ხარისხიანი წარმომადგენლობის მიღების მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია სამოქალაქო საქმისწარმოების დროს, პირველი ინსტანციის სასამართლოში ნებისმიერი პირის (მათ შორის არაიურისტის) წარმომადგენლად გამოსვლის შესალებლობა. აღნიშნული ვერ უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების ხარისხს და ხშირად პირის ინტერესების არაჯეროვანი წარმოდგენა და უხეში სამართლებრივი შეცდომები გამოუსწორებადი ხდება ზემდგომ ინსტანციებში, მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც საქმეში ძალზე მყარი სამართლებრივი პოზიციების მქონე მხარე აგებს პროცესს წარმომადგენლის არაკომპეტენტურობის მიზეზით, რაც იწვევს მომხმარებელთა მხრიდან სამართლიან უნდობლობას მთლიანად იურიდიული პროფესიისა და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. პრობლემას ემატება ის გარემოება, რომ არაადვოკატი წარმომადგენლების მიმართ ვერ ხორციელდება პროფესიული პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების კონტროლი. აქედან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როდესაც კლიენტები საჩივრებით მიმართავენ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, ხოლო კომისია უძლურია რეაგირება მოახდინოს, რადგან მხარის ე.წ. ინტერესების დამცველი არ არის ადვოკატი".

 

ამასთან, დავით ასათიანმა აღნიშნა, რომ საუკეთესო ევროპული გამოცდილების მიხედვით, არამართლზომიერი, არაერთჯერადი და ანაზრაურებადი იურიდიული მომსახურება აღიარებულია სამართალდარღვევად და ევროპის ბევრ ქვეყანაში წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, ისევე როგორც, სახელწოდების “ადვოკატი” და ადვოკატის სტატუსის უკანონო გამოყენება იმ პირის მიერ, რომელიც არ არის ადვოკატი. შესაბამისად მიზანშეწონილად მიგვაჩნია მსგავსი პრაქტიკისა და მიდგომების გაზიარება ქართულ კანონმდებლობაშიც.

 

ზემოაღნიშნულ და სხვა მნიშვნელივან საკითხებზე ადვოკატთა ასოციაციასა და პარლამენტს შორის მომავალშიც გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა. ხაზგასასმელია, რომ მიმდინარე შეხვედრა იმართება პარტნიორი დონორი ორგანიზაციების - ევროპის საბჭოს (CoE), ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და USAID/PROLOG-ის მხარდაჭერით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი